სირცხვილია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიჩვეულია მონობასა და მორჩილებას, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრონ, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელია და ყველამ კეთილი ინებოს და დამოუკიდებელ ქვეყანას პატივი სცეს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, დემოკრატია არ არის, როცა საქართველოს პარლამენტის წევრს დასავლეთიდან ეუბნებიან კანონს ხმა რატომ მიეციო.
„სირცხვილია, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიჩვეულია მონობასა და მორჩილებას. საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელმაც კანონს თავისი შეგნებით მხარი დაუჭირა, უცხო ქვეყნის, გნებავთ სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ეუბნება, კანონს ხმა რატომ მიეციო, ეს არის დემოკრატია? ქვეყნის პარლამენტის საქმიანობაში ასეთი ჩარევა დემოკრატიული პროცესი გგონიათ? ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრონ, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელია და ყველამ კეთილი ინებოს და დამოუკიდებელ ქვეყანას პატივი სცენ.
რაც შეეხება ბულინგს, ეს მაგათი მეთოდია – ფაშისტური მეთოდია, რომ დაფარული ნომრებით გირეკავენ და რაღაც სასულელეებს გწერენ. გუშინ ვიღაც დათიკაშვილი ამერიკული ნომრიდან მწერდა. ამ კანონში სტიგმატიზება არისო – გაიძახიან ევროპელები. „მონაზე“ მეტი სტიგმა, რა გინდათ? საერთოდ იცი „მონა“ რა არის? ჩვენ ვართ მონები და 50-100 ლარის გამო სასტვენი რომ უკავიათ, ის თავისუფალი ადამიანია? მას ვგულისხმობ, ვინც ფულის გამოა საპროტესტო აქციაზე. მაგალითად, ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გვისტვენდა და იგინებოდა. მივდიოდი, მაგინებდა. გიჟი ვიყავი, მანქანიდან რომ გადმოვხტი?“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.