აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ვაშინგტონი წარმოუდგენლად შეშფოთებულია, როგორც იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტში განიხილება, ასევე ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ხედავენ.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე აყენებს და ასევე საფრთხეს უქმნის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, როგორც უკვე განვაცხადეთ, ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც განიხილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, არამედ იმ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვისმენთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე აყენებს, საფრთხეს უქმნის მათ ევროატლანტიკურ გზას და ხშირად ეს აშკარად საფრთხეს უქმნის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას“, – აღნიშნა მილერმა.