უნდა დაწესდეს სამთავრობო სანქციები, მათ შორის ესტონეთში შესვლა აეკრძალოთ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მთავრობის წევრებს, პარლამენტის ხელმძღვანელებს, ასევე, ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას. სანქციები დაწესდეს ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მიმართ, რომლებიც დემონსტრანტებზე ძალადობაში არიან პასუხისმგებელნი, - ამის შესახებ განცხადება ესტონეთის პარლამენტში, რიიგიკოგუში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ერიკ-ნილეს კროსმა 44 დეპუტატის სახელით საპარლამენტო განხილვაზე წარადგინა.
განცხადებაში, დეპუტატები საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს გმობენ და ესტონეთის მთავრობას მოუწოდებენ, კანონის გაუქმებამდე ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შემდგომი პროცესები დაბლოკოს. ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს უვიზო მიმოსვლის გაყინვას, სანამ ,,აგენტების კანონი" არ გაუქმდება.
განცხადებაში დეპუტატები ,,ქართული ოცნების" მიერ მიღებულ კანონს რუსული ე.წ. უცხოური აგენტების კანონით შთაგონებულს უწოდებენ, რომელსაც პუტინი სამოქალაქო საზოგადოების, პრესისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესიებისთვის იყენებს. რიიგიკოგუ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას კანონის დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ მოუწოდებს, ასევე, მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ და ჩაატაროს გამოძიება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩართული იყო ძალადობაში.
,,სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიული კრიზისის გადაწყვეტას იმ მიდგომით, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და სამოქალაქო უფლებებს, არ დაუბრუნდებიან რეფორმებს და დემოკრატიზაციას, რომელიც ევროკავშირთან არის შეთანხმებული და ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ გააუქმებენ, რიიგიკოგუ აუცილებლად მიიჩნევს, რომ ესტონეთმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შემდგომი პროცესები დაბლოკოს, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და გამოიყენოს გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რიიგიკოგუ გამოხატავს პატივისცემას მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მომავალს მხარს უჭერს.