ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კონგრესმენი: საქართველომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მაგალითზე უნდა ისწავლოს, რომ რუსეთი არ არის მისი მეგობარი

საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, NATO-ში წევრობაზეც აქვს პრეტენზია, მაგრამ ახლა უახლოვდება რუსეთს, - ამის შესახებ კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე, სადაც MEGOBARI აქტი განიხილება, კონგრესმენმა სტივ კოენმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი მართავს.

,,ბატონ ივანიშვილს ხელისუფლება უკვე 12 წელია რაც უკავია. მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი არ არის, ის არის ადამიანი, რომელსაც შოუ მიჰყავს, ის მართავს ყველაფერს. არ მიყვარს ადამიანების გარეგნობით განსჯა, მაგრამ როდესაც ის პირველად დავინახე, ვიფიქრე: ,,ეს ოცნება არ არის.” ის იმ კორპორატიული ბიზნესადამიანივით გამოიყურებოდა, ავტოკრატიული ტიპის, ძალაუფლების მოყვარული ადამიანივით, რომელსაც ყველაფრის მართვა სურს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნა თავისი მიზნებისა და ინტერესების გაფართოების საშუალებად მიაჩნია… ვფიქრობ, მან ეს დაადასტურა, ამიტომ ეს პირველი შთაბეჭდილება სწორი იყო",- აღნიშნა კონგრესმენმა.

სიტყვით გამოსვლისას სტივ კოენი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც გამოეხმაურა.

,,ბატონი სააკაშვილი ახლა ციხეშია, უკვე საკმაო ხანია. მას საკმაოდ საშინლად ეპყრობიან. პოლიტიკური პატიმრების თაობაზე ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ვარ, ამიტომ შეშფოთებული ვარ ბატონ სააკაშვილზე, რომელიც პოლიტიკური პატიმარია. ის ცუდ მდგომარეობაში იყო და მისი სიცოცხლე შესაძლოა საფრთხის ქვეშ იყოს…",- განაცხადა კოენმა.

ამასთან, კონგრესმენის თქმით, საქართველომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მაგალითზე უნდა ისწავლოს, რომ რუსეთი მისი მეგობარი არ არის.

,,ქვეყანა, რომელიც თავისი არასამთავრობო ორგანიზაციების დაჩაგვრას ცდილობს, დემოკრატიული არ არის, ეს დასავლური ღირებულებები არ არის. და საქართველოს, როგორც ვიცით, ევროკავშირში შესვლა სურს, ეს კარგი იქნება მათთვის ეკონომიკურად. საქართველომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მაგალითზე უნდა ისწავლოს, რომ რუსეთი არ არის საქართველოს მეგობარი. 

გორში დღესდღეობით არის სტალინის მუზეუმი და მას უყურებენ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში როგორც ქართველს, რომელიც იყო დიქტატორი და ძლიერი პიროვნება", - განაცხადა კონგრესმენმა.

აშშ-ის კონგრესში საქართველოში არსებულ ვითარებასა და ,,აგენტების კანონიდან" მომდინარე საფრთხეებზე მსჯელობენ.