ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს.
მისივე თქმით, უკრაინას უფლება აქვს, რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას.
„ეს ომი რუსეთმა მშვიდობიანი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, რომელიც არასდროს ყოფილა რუსეთისთვის საფრთხე. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, არღვევს საერთაშორისო სამართალს და აგრძელებს ნგრევას, მკვლელობებსა და უკრაინის ტანჯვას. უკრაინას უფლება აქვს, თავი დაიცვას. ეს საერთაშორისო სამართალშია გათვალისწინებული. ასევე, გაეროს წესდებაში ჩაწერილია, რომ თავდასხმის შემთხვევაში, თავდაცვის უფლება გაქვს. თავდაცვის უფლება თავდამსხმელის, აგრესორის, ამ შემთხვევაში - რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას მოიცავს. ასე რომ, ეჭვგარეშეა, უკრაინას უფლება აქვს, დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.