„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) ინფორმაციით, მარიამ წიწიკაშვილის დაკავებას, რომელმაც აერპოროპორტში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ,,აგენტების კანონის" მხარდაჭერის გამო შენიშვნა მისცა, ანგარიშსწორების სახე ჰქონდა.
როგორც განცხადებაში წერია, მომხდართან დაკავშირებით ორგანიზაცია ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს.
,,9 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენს თანამშრომელს, ფაქტ-მეტრის დეზინფორმაციის პროგრამის რედაქტორს მარიამ წიწიკაშვილს აეროპორტში ჩაუარა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, ერთ-ერთმა ვინც რუსულ კანონს დაუჭირა მხარი. მარიამმა მას შენიშვნა მისცა იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც დეპუტატმა, როგორც პოლიტიკოსმა მიიღო. ამასთან, შენიშვნა დააფიქსირა სიტყვისა და გამოხატვის უფლებების ფარგლებში, უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენების გარეშე. მომხდარიდან მალევე მარიამ წიწიკაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დეპუტატის წინაშე მისი საქმიანობის გამო უკმაყოფილების დაფიქსირების წვრილმან ხულიგნობად ინტერპრეტირება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და წარმოადგენს მზარდი ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.
ამასთან, ვიდეოდან ნათლად ჩანს, რომ პარლამენტის წევრი მარიამ წიწიკაშვილის მიმართ დისკრიმინაციულ ლექსიკას იყენებს. მარიამის რეპლიკაზე, რომ ის ემიგრანტი დედის შვილია და დედით ოსია, პარლამენტის წევრი პასუხად რამდენჯერმე იმეორებს: „გეტყობა“. საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი პარლამენტის წევრს ავალდებულებს, რომ ყველა მოქალაქეს მოეპყრას თანასწორად, მიუხედავად წარმოშობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა, სოციალური მდგომარეობისა თუ სხვა განმსახვავებელი ნიშნისა. აღნიშნული განსაზღვრულია ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტშიც. საქართველოს პარლამენტის წევრის ამგვარი ქმედება არღვევს ერთიკის კოდექსით გნსაზღვრულ მოთხოვნებს. გარდა ეთიკის კოდექსის დარღვევისა, აღნიშნული ქმედება აღვივებს ეთნიკურ შეუწყნარებლობას და საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებებისა და უფლებების დაცვას.
საუბრისას ადგილზე მოსულმა შსს-ს თანამშრომელმა ჩათვალა, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაზეც მეტყველებს ისიც, რომ პოლიციელმა ადგილი მალევე დატოვა. მარიამის დაკავება მოხდა მოგვიანებით, რასაც ჰქონდა ანგარიშსწორების სახე - დეპუტატისთვის მიუღებელი აზრის დამფიქსირებლისთვის დისკომფორტის შექმნის მიზნით. მარიამს შეეზღუდა თვითმფრინავში ასვლის უფლება, ის დააკავეს და გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში. არ დაუკავებიათ, თუმცა თავისუფალი გადაადგილების უფლება შეუზღუდეს და გაფრენის უფლება არ მისცეს მარიამის თანმხლებ პირსაც - ირინა გურგენაშვილს, რომელსაც მონაწილეობა აღნიშნულ მოვლენებში საერთოდ არ მიუღია. ირინა გურგენაშვილს ჩამოართვეს პასპორტი და „განუმარტეს“, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მისი ბორტზე არდაშვების შესახებ. მოქალაქისადმი ამგვარი მოპყრობა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაადგილების კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვა კანონმდებლობის კიდევ ერთ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მოვლენების პარალელურად ვიქტორ ჯაფარიძე თავისუფლად გაფრინდა და მისი გადაადგილება არ შეფერხებულა. ეს იმას ნიშნვს, რომ პოლიციამ მარიამის დაკავებისა და მისი თანმხლები პირისთვის გაფრენის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება ვიქტორ ჯაფარიძის ნათქვამის საფუძველზე, ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევისა თუ კითხვების გარეშე მიიღო.
საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისსვე დაიწყო, თუმცა მტკიცებულებების წარმოდგენისთვის მხარეებს დრო მისცა და პროცესი 19 ივნისისთვის გადადო. მომხდართან დაკავშირებით გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, მათ შორის - მივმართავთ სასამართლოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს - დეპუტატის მხრიდან ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევის დასადგენად და სახალხო დამცველს - აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად",- წერია ინფორმაციაში.