სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, პრემიერის განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს, - ასე უპასუხა სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა, თითქოს ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა.
ლილუაშვილის თქმით, გამოძიების დასაწყებად არ არის სათანადო მტკიცებულებები.
„უწყება თავად წყვეტს არის თუ არა სისხლის სამართლებრივი ნიშნები ამა თუ იმ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაითვალა, რომ საკმარისი არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, ანუ გამოძიების დასაწყებად არ არის სათანადო მტკიცებულებები. იმ ქვეყანაში, სადაც მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი მუშაობს, ეს არ იყო საკმარისი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
კობახიძემ 23 მაისს განაცხადა, რომ გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთმა ევროკომისარმა ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.