აშშ-მა და უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში 10-წლიანი შეთანხმება დადეს. შესაბამის დოკუმენტს იტალიაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის” სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერეს ხელი.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს, დაეხმაროს უკრაინას არა ამერიკული ჯარების გაგზავნით, არამედ იარაღითა და საბრძოლო მასალის მიწოდებით.
„ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ უკრაინის სანდო თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში. უკრაინის მუდმივი მშვიდობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს უკრაინის შესაძლებლობით, დაიცვას საკუთარი თავი ახლა და შეაჩეროს აგრესია სამომავლოდ ნებისმიერ დროს. ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, დაეხმაროს უკრაინას ორივე ამოცანის განხორციელებაში – არა ამერიკული ჯარების გაგზავნით უკრაინაში საბრძოლველად, არამედ იარაღითა და საბრძოლო მასალის მიწოდებით, უკრაინელი ჯარების წვრთნის გაგრძელებით ევროპისა და შეერთებულ შტატებში ბაზებზე, ჩვენს სამხედროებს შორის თავსებადობის გაძლიერებითმ ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში ინვესტიციებით",- აღნიშნა ბაიდენმა.
როგორც დოკუმენტში წერია, უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორივე მხარე აღიარებს, რომ უკრაინა საჭიროებს მნიშვნელოვან სამხედრო ძალას, ძლიერ პოტენციალსა და თავის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში მუდმივ ინვესტიციებს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა.
უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის ან ასეთი თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში, დოკუმენტის თანახმად, ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები 24 საათის განმავლობაში შეხვდებიან ერთმანეთს, რათა კონსულტაციები ჩაატარონ და გაარკვიონ, რა დამატებით თავდაცვითი საშუალებები სჭირდება უკრაინას.
ამავდროულად, აშშ აღიარებს, რომ პოტენციალურად ნებისმიერ შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გასვლა შეუძლია, ვინაიდან დოკუმენტი კონგრესის მიერ რატიფიცირებას არ ითვალისწინებს.