სენაკის რაიონულ სასამართლოში, ბალდის კანიონში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებული ინდიკო ბჟალავას სასამართლო პროცესი გაიმართა. მას მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმის პროკურორი თეიმურაზ ჯალაღონია იყო.
პროკურორმა სასამართლოს მიმართა, რომ ინდიკო ბჟალავას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნას პატიმრობა. დაცვის მხარე არ ეთანხმება პროკურატურის მოთხოვნას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ი.ბ. მუქარის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს, ბრალდებული ი.ბ. მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1983 წელს დაბადებულ ს.შ.-ს, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.
სასამართლო სხდომა 24 ივლისს ჩატარდება.
რაც შეეხება, ბალდაში მომხდარი თავდასხმის გამო დაკავებულ ძმებს, გელა და გიგა ხურცილავებს - მათ, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ.
ავტორი: თეა შონია