შვეიცარიაში მიმდინარე უკრაინის მშვიდობის სამიტის მონაწილეები კონფლიქტის ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ საუბარია კონფერენციის კომუნიკეს პროექტში, რომლის ტექსტი Reuters-მა გამოაქვეყნა.
სააგენტოს ინფორმაციით, კომუნიკეს ტექსტზე მუშაობა გრძელდება, მაგრამ ის არსებითად არ შეიცვლება.
„სამიტის მონაწილეები თანხმდებიან რამდენიმე ასპექტში:
1. უკრაინული ატომური ელექტროსადგურები, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უნდა მუშაობდნენ უსაფრთხოდ, უკრაინის კონტროლის ქვეშ
2. გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია შავ და აზოვის ზღვებში კომერციული გადაზიდვების უსაფრთხოების გარანტია. სავაჭრო გემებზე და სამოქალაქო სავაჭრო პორტებზე თავდასხმები მიუღებელია და სასურსათო უსაფრთხოება არ უნდა იქნას გამოყენებული სამხედრო მიზნებისთვის.
3. ყველა სამხედრო ტყვე უნდა გათავისუფლდეს. ყველა დეპორტირებული ან უკანონოდ დევნილი უკრაინელი ბავშვი და ზრდასრული მშვიდობიანი მოქალაქე უნდა დაბრუნდეს შინ.
კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ხელმომწერი სახელმწიფოები და ორგანიზაციები მზად არიან მომავალშიც გაატარონ კონკრეტული ძალისხმევა ამ მიზნების მისაღწევად“, - წერს Reuters-ი.