ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავს

ნატო, რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე, მეტი ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსის წევრებს შორის მიმდინარეობს პირდაპირი კონსულტაციები რაკეტების საცავიდან ამოღებისა და მათი საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, რაც შემაკავებელი ფაქტორი უნდა იყოს.

„არ შევეხები ოპერაციულ დეტალებს იმის შესახებ, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რომელი უნდა იყოს შენახული, მაგრამ გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი უნდა იყოს გამჭვირვალობა, რომლითაც ოპონენტებს აჩვენებ, რომ ნატო ბირთვული ალიანსია.

„გამჭვირვალობა გვეხმარება პირდაპირი გზავნილის გაგზავნაში, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირთვული ალიანსი. ნატო-ს მიზანია, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ მანამ, სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან მსოფლიო, სადაც რუსეთს, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი, ნატოს კი არა, უფრო საშიში მსოფლიოა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ბლოკმა მსოფლიოს თავისი ბირთვული არსენალი უნდა აჩვენოს, რათა პირდაპირი მესიჯი გაუგზავნოს მტრებს.