ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სახალხო დამცველმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წლიური ანგარიში წარადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახალხო დამცველმა მოკლედ წარმოადგინა ანგარიშის ძირითადი მიგნებები, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ტენდენციებზე, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირებას საჭიროებს.

ანგარიშის თემატური მიმოხილვისას სახალხო დამცველმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაუსჯელობის გამოძახილი უწოდა, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. აქვე აღნიშნა საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თემურ კარბაიას სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტი.

„სიცოცხლის ხელყოფასთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა; ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა; ხოლო, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, საკუთრებისა და სხვა სახის უფლების დარღვევა, ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის”, - ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველი ანგარიშში აღნიშნავს, რომ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია 14 წლის აითაჯ შახმიროვას შემზარავი განზრახ მკვლელობის ფაქტი. მთლიანობაში 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა.

აგარიშის თანახმად, 2024 წლის მარტის თვეში შსს-მ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის აპარატის თხოვნა შოვის ტრაგედიის შესახებ მიმდინარე გამოძიების მასალების საგამონაკლისო წესით გაცნობის თაობაზე, თუმცა საქმის მასალებზე ფაქტობრივად დაშვებას ჯერ კიდევ ველოდებით.

სახალხო დამცველი ანგარიშში საუბრობს ბავშვთა სიღარიბეზეც, ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ბავშვთა სიღარიბეა. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა. მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან ასევე, ხანდაზმულები.

სახალხო დამცველმა ვრცლად ისაუბრა უსახლკარო პირთა პრობლემებზე, საკანონმდებლო ხარვეზებზე, ერთიანი პოლიტიკის არარსებობაზე, სოციალური საცხოვრისებში არსებულ არასათანადო გარემოზე.

„დღემდე არ დამტკიცებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის სტანდარტები. პრობლემურია ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა, ასევე, სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა. გამოწვევებს შორის რჩება ძალადობის ფაქტების გამოვლენა და მათზე ეფექტიანი რეაგირება”, - აღნიშნულია ომბუდმსმენის ანგარიშში.

გარდა ამისა ანგარიში საუბარია იმაზე, რომ 2023 წელს აქტუალური იყო მშვიდობიანი შეკრების სარგებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები, შეკრების ფორმისა და შინაარსის შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივები, შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებები.

„2024 წელს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს, რომ წელს სამართალდამცავები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა.

ქვეყანაში გამოწვევას წარმოადგენს მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არარსებობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა”, - წერია ანგარიშში.

სახალხო დამცველის თანახმად, შემაშფოთებელი იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტების ინიცირება, რომლებიც არ შეესაბამება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს. სამწუხაროდ, 2024 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახავი შეიძლება გახდეს.

ომბუდსმენი ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლებია გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მმართველობის ცალკეული შემთხვევები; დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება; არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო.

„აუცილებელია დაიხვეწოს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა; ასევე სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის.

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები. სამართლებრივი ჩარჩო და არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს პაციენტების მკურნალობას ღირსეულ და იძულებისაგან თავისუფალ გარემოში. არ განახლებულა პაციენტების შეზღუდვის მეთოდების გამოყენების ინსტრუქცია და წესები.

თანასწორობის პოლიტიკის და დაუცველი ჯგუფების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სახელმწიფოს არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები, არ გაუმჯობესებულა არც პოლიტიკის დოკუმენტები, არც საკანონმდებლო რეგულირება”, - აღნიშნულია ანგარიშში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ პრობლემად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრა და გოგოების სათანადოდ დაცვა. გამოწვევაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლების ეფექტიანი განხორციელება და სერვისებზე წვდომა.

„არ დაძრულა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების, ასევე, მიყენებული ზიანისა და ჩამორთმეული ქონების ოდენობის აღწერისა და შეფასების საკითხი.

საქართველოს სასამართლო სისტემა კვლავ საჭიროებს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ხარვეზების გამოსწორებას, რაც ევროპის კავშირში ინტეგრაციის წინაპირობას წარმოადგენს” , - წერია ანგარიშში.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისასალმებელია სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების საათობრივი ანაზღაურების მინიმალური ზღვრის დაწესება. თუმცა, კვლავ ღიაა ციფრულ პლატფორმაზე დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებებით სარგებლობის საკითხი და კერძო დამსაქმებლების მხრიდან ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლისთვის შვებულების ანაზღაურების ვალდებულება.

„სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის მიმოხილვისას უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ შემოვიდა 4849 განცხადება, რომლებზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა. ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 17567 ზარი. გამოვლენილი უფლება დარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა 79 რეკომენდაცია/წინადადებით მიმართა სახელმწიფო უწყებებს. საერთაშორისო ორგანოებს წარედგინათ 10 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში. მომზადდა 3 კონსტიტუციური სარჩელი, 23 სასამართლო მეგობრის მოსაზრება და გაიგზავნა 3 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში. უფლება დარღვევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის მიზნით ათეულობით ვიზიტი განხორციელდა სხვადასხვა დაწესებულებებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.