საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, 13 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს.
სამართალდამრღვევ მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა საქართველოს საზღვარზე, მალულად (ავტომობილის საბარგულში თხევადი გაზის ავზში, წინასწარ მოწყობილ სამალავში) შემოჰქონდა.
„აკრძალული ნარკოტიკული საშუალება დაპრესილ მდგომარეობაში, 11 პოლიეთილენის შეფუთვაში იყო მოთავსებული.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.