ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ომბუდსმენი: 2023 წელს 24 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 16 შემთხვევაში მკვლელობა ოჯახის წევრის მიერ იყო ჩადენილი

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

სახალხო დამცველი ანგარიშში აღნიშნავს, რომ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია 14 წლის აითაჯ შახმიროვას შემზარავი განზრახ მკვლელობის ფაქტი. მთლიანობაში 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა.

„წინა წლების მსგავსად, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა სრულყოფილად არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.  2023 წელს სამუშაო ჯგუფმა წინა წლების მსგავსად, შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტის პროექტი სისხლის სამართლის კოდექსის 137-139-ე მუხლებში ცვლილებების შესატანად, თუმცა სახელმწიფოს კანონპროექტის დასამტკიცებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ასევე, კანონი კვლავ არ ითვალისწინებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, მათ შორის, სქესობრივი დანაშაულის შედეგად დაზარალებულის დაკითხვის დისტანციურად ჩატარების ან ბრალდებულის სხდომის დარბაზიდან დროებით გაყვანის შესაძლებლობას. 

სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ შესულა შესაბამისი ცვლილებები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესში. ასევე, კომპენსაციის მიმღები პირების რაოდენობის გაზრდის მიზნით, აუცილებელია საზოგადოების მეტად ინფორმირება ამგვარი შესაძლებლობის შესახებ. 

კვლავ არ დამტკიცებულა სოციალური მუშაკებისთვის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მუშაობისთვის სპეციალური სახელმძღვანელო წესები. წლების შემდეგ, დაგვიანებით დამტკიცდა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების“ დოკუმენტი, რომელიც ზოგადად ეხება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ადრეული გამოვლენისა და აღკვეთის პროცესში უწყებების უფლებამოსილებებს და მათი კოორდინაციის საკითხს. აღნიშნული დოკუმენტი არ ითვალისწინებს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის პრევენციისთვის სახელმწიფო უწყებების მიერ გადასადგმელ კოორდინირებულ ნაბიჯებს.

დადებითად უნდა შეფასდეს ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების გაზრდის მიზნით რისკის შეფასების დოკუმენტის გადახედვა და საკანონმდებლო ცვლილებებზე მორგება, რის შედეგადაც გაზრდილია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე GPS მონიტორინგის გამოყენების მაჩვენებელი.

თუმცა საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებულ პრობლემად გამოიკვეთა არასათანადო საფუძვლით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ზოგიერთ საქმეში რისკის შეფასებაზე უარის თქმა.

პრობლემად გამოიკვეთა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რიგი საქმეების არასათანადო/არასრულყოფილი გამოძიებაც, რის გამოც, საქმის საპროცესო ზედამხედველ პროკურორს უწევდა მითითებების გაცემა.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამებში მოძალადეთა ჩართულობის გასაზრდელად. ასევე, არ შემუშავებულა ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამა იმ მოძალადეებისთვის, რომელთა მიმართაც დამცავი ორდერია გამოცემული.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2023 წელს გამოვლენილი 24 ქალის მკვლელობის ფაქტიდან, 16 - ოჯახური დანაშაულის ნიშნით, 8 კი - არაოჯახური დანაშაულის ნიშნით არის ჩადენილი. ქალის მკვლელობის მცდელობის გამოვლენილი 27 შემთხვევიდან 20 - ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი, ხოლო 7 - არაოჯახური დანაშაულის ნიშნით. საერთო სტატისტიკური მონაცემიდან, პროკურატურამ ფემიციდი გამოკვეთა 9 შემთხვევაში, ხოლო ფემიციდის მცდელობა - 14 შემთხვევაში.

მიმდინარე საანგარიშო წელს, განსაკუთრებით მძიმე იყო 14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი. ეს შემზარავი მკვლელობა არ არის განყენებული შემთხვევა და ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მუშაობის გაძლიერების საჭიროებას პრევენციის მიმართულებით - დამოკიდებულებების გარდასაქმნელად, გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული ტრადიციებისა და მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად.  სახალხო დამცველის მიერ ფემიციდის მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილი საქმეებიდან, დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ გაიზარდა ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის საქმეებზე გენდერის ნიშნის გამოკვეთის მაჩვენებელი, თუმცა რიგ საქმეებში, როგორც გამოძიების, ისე სასამართლო ეტაპზე კვლავ პრობლემურია გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის გამოკვეთა. მონიტორინგმა ასევე გამოავლინა პროკურატურის არაერთგვაროვანი პრაქტიკა იმ ბავშვების დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, რომლებიც შეესწრნენ ფემიციდის/ფემიციდის მცდელობას ან გაიგონეს მსხვერპლის ხმა.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაზარალებული ქალები მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის უკიდურესი ფორმის შემთხვევაშიც კი, ოჯახის წევრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარს ამბობენ, რაც კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ფემიციდის მცდელობის საქმეებში მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორის პრიორიტეტულად ჩართულობის და დაზარალებული ქალების სათანადო ფსიქოემოციური მხარდაჭერის აუცილებლობას. სამწუხაროდ, 2023 წელსაც იკვეთება შემთხვევები, როდესაც, შესაძლო ძალადობის შესახებ სახელმწიფოს ინფორმირებულობის მიუხედავად, ქალის მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა“, - ნათქვამია ანგარიშში.