საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშში საუბარია შოვის ტრაგედიაზეც, რომლის დროსაც მეწყერმა 32 ადამიანი იმსხვერპლა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე აუცილებელია ეფექტიანი გამოძიება ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვით, ზედმიწევნით, კომპეტენტურად, გონივრულ ვადაში და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ჩართულობით.
სამწუხაროდ, 2023 წელს შოვში მეწყერმა 32 ადამიანი იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. სამინისტროს თანახმად, ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება (შემთხვევის ადგილის დათვალიერება, გამოკითხვები და ა.შ.). გენერალური პროკურატურის განმარტებით, საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილია 32 გარდაცვლილი პირის 22 ახლო ნათესავი. დაზარალებულის უფლებამონაცვლეების ადვოკატები, მოთხოვნის შესაბამისად, ეცნობიან სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.
ექსპერტიზის ბიუროს, სტიქიასთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად, გამოძიების წინაშე ექსპერტიზის პროცესში უცხო ქვეყნის წარმომადგენლების ჩართვის საკითხი არ დაუსვამს. შესაბამისად, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შუამდგომლობით უცხო ქვეყნისთვის არ მიუმართავთ. სახალხო დამცველის პოზიციით, მოცემულ საქმეზე აუცილებელია ეფექტიანი გამოძიება ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვით, ზედმიწევნით, კომპეტენტურად, გონივრულ ვადაში და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ჩართულობით. გამოძიებამ უნდა შეისწავლოს სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულების შესრულების/შეუსრულებლობის, რისკის/საფრთხის შემცველი სიტუაციების რეგულაციის, პრევენციული და რეაქციული ღონისძიებების გატარების საკითხები, ხოლო საჭიროებისას გამოიყენოს სხვა ქვეყნის საექსპერტო დახმარება. მოცემულ ეტაპზე შესაძლებელია აღინიშნოს, რომ, შესაძლოა, იკვეთებოდეს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა. კერძოდ, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შოვში სამაშველო ოპერაციის დროულად და ადეკვატურად დაგეგმვის, მართვის და განხორციელების საკითხი, ხოლო გამოძიების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს სამინისტროს მიერ საკუთარი საქვეუწყებო დაწესებულების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოძიება.
საქმის სრულყოფილად შესასწავლად, სახალხო დამცველის აპარატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამონაკლისო წესით საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართა. აპარატს სამინისტროს 2024 წლის 22 მარტის წერილით ეცნობა, რომ სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს მისცეს დაშვება აპარატის წარმომადგენლებს საქმის მასალების ელექტრონული ვერსიის გასაცნობად. შესაბამისად, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატი შეძლებს გამოძიების ეფექტიანობის შეფასებას“,- აღნიშნულია ანგარიშში.