დღევანდელ თამაშს მაინც დადებითად შევაფასებ. მინდა ქართველ ხალხს ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მივულოცო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა საქართველო-ჩეხეთის მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მექვაბიშვილის თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიასთან თამაშისას მაქსიმუმს გააკეთებს.
,,ვერ მოვიგეთ. დაგეგმილი სამი ქულა რომელიც გვინდოდა ვერ ავიღეთ. ამისთვის კარგი მომენტები გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. ვფიქრობ, უიღბლობა აქაც ჩანდა. ვფიქრობ, დავალებები სანახევროდ შესრულდა და მეტიც შეიძლებოდა.
მინდა, ქართველ ხალხს ვუთხრა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი სახე დავანახოთ პორტუგალიასთან თამაშისას. იქაც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ.
პირველი ტრანსფერი რა თქმა უნდა სხვანაირია. ლეგიონერად სხვანაირად ვიგრძენი თავი, თუმცა ეს ფეხბურთელს ეხმარება თვითრწმენის ჩამოყალიბებაში. ეს ყველაფერი კი დიდ თამაშებში ეხმარება ფეხბურთელს.
ვნახეთ ბიჭები, როგორ თამაშობენ. ყველას შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. საკუთარ თავზე მუშაობით, ყველაფერი შესაძლებელია. ვფიქრობ, ცუდი თამაში არ გამოვიდა. თამაშის მიმდინარეობაში იყო მოდუნების პერიოდი. მე მქონდა შანსი და ვერ გავიტანე გოლი. დასანანია...",- აღნიშნა მექვაბიშვილმა.
მექვაბიშვილის თქმით, ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა ეროვნული ნაკრებისთვის უდიდესი დადებითი მუხტია.
,,ძალიან სასიამოვნო გარემო იყო. გულშემატკივრების დადებითი მუხტი ძალიან გვეხმარებოდა",- აღნიშნა მექვაბიშვილმა.
ნაკრების ნახევარმცველმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ჯანმრთელად არის თუ არა ბუდუ ზივზივაძე.
,,ბუდუ ზივზიბაძე ჯანმრთელადაა",- აღნიშნა მექვაბიშვილმა.
საქართველოსა და ჩეხეთს შორის მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. დღევანდელი თამაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატზე გამართული მეორე მატჩია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 ივნისს - პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.