გაორებული გრძნობა დამრჩა. შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ ევროპირველობაზე პირველი ქულა მოვიპოვეთ. ეს სიამაყის გრძნობას გძენს. ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ, - ამის შესახებ საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.
მისი თქმით, მეტოქემ დიდი ზეწოლა განახორციელა.
მწვრთნელი ამბობს, რომ პორტუგალიასთან თამაშამდე გუნდი ძალების აღდგენას და დადებითი შედეგის მიღწევას ეცდება.
„კონკრეტულ ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მიყვარს. კვარაცხელიას თამაშზე გაანალიზების შემდეგ შეიძლება გავაკეთო კომენტარი. კიტეიშვილის შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაცია ხვალ გვექნება. იმედია, მწყობრში ჩადგება. კვირკველია ინფექციის გამო ათი დღე საავადმყოფოში იყო. დაღლილობის გამო შევცვალე. გველესიანი კარგად ჩაერთო თამაშში. ლობჟანიძეს მხარდაჭერა სჭირდება. გავამხნევე, ვინაიდან ვიცოდი, რასაც გრძნობდა. ვიცოდით, რთული შეხვედრა გველოდა. მეტოქემ ჩვენზე დიდი ზეწოლა განახორციელა. ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს, თუმცა ჩვენ ფანტასტიკური მეკარე გვყავს.
მიყვარს საქართველო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მოგების იმედი ნამდვილად არ მქონდა. დასაკარგი არაფერი გვაქვს, მთავარი გამოცდილების მიღებაა. ეს მომავალში გამოგვადგება. პორტუგალია ძალიან ძლიერია. ვეცდებით ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ. ეგებ უკეთაც ვითამაშოთ",- განაცხადა ვილი სანიოლმა, რომლის კომენტარს sportall.ge ავრცელებს.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.