მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. მნიშვნელოვანი და ისტორიული ერთი ქულა ავიღეთ,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ნაკრებს წინ უმნიშვნელოვანესი თამაში ელის.
,,პორტუგალიასთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველოდება და იმედია ერთად გავიმარჯვებთ", - აცხადებს გიორგი მამარდაშვილი.
ევროპის ჩემპიონატის ყოველი მატჩის შემდეგ უეფა საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს. საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. მამარდაშვილმა შეხვედრაში 10 სეივი მიითვალა.
საქართველოსა და ჩეხეთს შორის მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 ივნისს - პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
პირველი მატჩი, რომელიც ჯვაროსნებმა 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართეს, საკმაოდ რთული აღმოჩნდა და კარგი თამაშის მიუხედავად, ქართველების მარცხით დასრულდა.