გეგმაზომიერად, ღირსებით და ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დაცვით უნდა გავაგრძელოთ სწორი სვლა ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, უნდა დაველოდოთ, რომ 2030 წელს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ 2030 წელს საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს, ხვალ, ზეგ ვინ რა განცხადებას გააკეთებს, მათ შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონები, მათ შორის არსებული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ხელმძღვანელი რგოლების წარმომადგენლები, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია. ჩვენ გეგმაზომიერად, ღირსებით და ნამდვილად ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებების დაცვით, ჩვენი კონსტიტუციის, ჩვენ მიერვე ჩაწერილი ნორმის დაცვით უნდა გავაგრძელოთ სწორი სვლა ევროკავშირისკენ“,- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ საქართველომ გამჭვირვალობის კანონი მიიღო, ისევე როგორც კანადამ ბოლო დღეებში, ისევე როგორც საფრანგეთმა რამდენიმე კვირით ადრე, ამის გამო ვერავინ უნდა იფიქროს ვინმეს დასჯა.
„ საქართველოში გახდა მარტო ეს „რუსული“ და საქართველოში სცადეს რუსულად მონათვლა. რაც კი საქართველოს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს შეეხება ამ ბოლო დროს, ყველაფერს რუსულს ეძახიან. ამით უნდათ, რომ ჩახსნან საქართველოში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომ დააკომპლექსონ ხელისუფლება, დააკომპლექსონ მისი ამომრჩეველი, არა მხოლოდ ხელისუფლება, რომ თუ შენ გაბედავ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებ, ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას მათი ტელევიზიები, მათი პოლიტიკოსები, მათი წარმომადგენლები, აქტივისტები დაუძახებენ რუსულს და ამ კომპლექსით გავლენ ფონს. ასე არ არის. ის, რაც მიიღო კანადამ, საფრანგეთმა, ის, რაც ათწლეულებია, მუშაობს აშშ-ში, ვერ იქნება საქართველოში რუსული და გარედან დაფინანსებული ეს საუკუნის აფიორა თავს ვერ დაიჭერს იმ ფორმით, როგორც მათ უნდათ, ეს მოხდეს. ამის გამო ჩვენ კრიტიკას ვერავისგან არ და ვერ მივიღებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.