დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება გადაჯგუფების კონსულტაციები, - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერას.
დეკანოიძის თქმით, ივლისის შუა რიცხვებამდე გაირკვევა, თუ როგორ იქნება ოპოზიცია არჩევნებში წარმოდგენილი.
„მთავარია, რომ გვქონდეს ერთიანი გზავნილი. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დასრულდება გადაჯგუფების კონსულტაციები. ეს გადაჯგუფება უნდა იყოს კონკრეტული იდეოლოგიისა და გაერთიანების მიხედვით. არ უნდა გაიფანტოს ის ხმა, რომელიც წესით უნდა წავიდეს ოპოზიციაში. ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას“ ოქტომბრის არჩევნებში არ აქვს შანსი. ჩვენი საერთო გზავნილი მის წინააღმდეგ უნდა იყოს და ამასთან, მორგებული საქართველოს ინტერესებზე.
ზოგადად, მე ვარ გამსხვილების მომხრე. ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლები ხმა გაიფანტება. ამიტომ, ეს არის ახლა მთავარი. პრინციპში, ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა იმისთვის, რომ წარვადგინოთ საბოლოო კონფიგურაცია. დაახლოებით, ივლისის შუა რიცხვებამდე გაირკვევა საბოლოო გეოგრაფია, როგორ შეიძლება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი არჩევნებში. თუ პარტია ფიქრობს, რომ ოდნავ მაინც არსებობს რისკი ბარიერის არ გადალახვის, უნდა ესმოდეს, რომ ეს ხმები წავა „ქართულ ოცნებაში“. ეს რისკები ყველას აქვს გათვითცნობიერებული”,- განაცხადა დეკანოიძემ.
6 ოპოზიციური პარტია ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდგომ.