აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენი 27-29 ივნისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანსა და ხორვატიას ეწვევა.
ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბაქოში ო’ბრაიენი აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება, მათ შორის, პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებში პროგრესს და აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების მიმართ.
ო’ბრაიენი, ასევე, შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, რათა აღნიშნოს აზერბაიჯანის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა.
ბაქოს შემდეგ ო’ბრაიენი ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც დუბროვნიკის ფორუმს დაესწრება და ევროპელ პარტნიორებთან, მოკავშირეებთან დასავლეთ ბალკანეთის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას განიხილავს.