ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, ექსპერტმა, ლინკოლნ მიტჩელმა TV-24 -თან ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლებამ დაუშავა და იმეორებს დღეს არსებული მმართველი ძალა.
მიტჩელმა ის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა და ხალხმა „ქართულ ოცნებაში“ დემოკრატიული ძალა დაინახა.
„ 2011 წლის თებერვალში, ივანიშვილს მისი ფულის გამო იცნობდნენ, არავინ იცოდა, როგორი პოლიტიკის გატარებას აპირებდა. ხალხი მასში იმას ხედავდა, რისი დანახვაც სურდათ. 2012 წელს მან შექმნა ძლიერი კოლაცია, ძალიან ბევრ ძლიერ ადამიანთან ერთად. იმ პერიოდში მჯეროდა, რომ ეს იყო საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის შანსი.
ის რაც ბიძინას დაემართა განპირობებული იყო რამდენიმე ფაქტორით - პირველი ეს იყო დასავლეთის უდიდესი შეცდომა, როდესაც „ქართულ ოცნებაში“ დემოკრატიული ძალა დაინახეს. იფიქრეს, რომ მთავარი მიღწევა, ავტორიტარული რეჟიმის დაძლევა იყო, ეს ვიცი იმიტომ, რომ მე მასთან და მის გარემოცვასთან ურთიერთობა მქონდა. ძალიან მალე მან ბევრი ის ადამიანი დაითხოვა, რომლებსაც დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება შეეძლოთ. მათ შორის აღმოვჩნდი მეც, არ მწყინს, უბრალოდ ფაქტზე ვამახვილებ ყურადღებას.
მეორე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს პირადად აკონტროლებს. სააკაშვილის მსგავსად, არჩევნები მისთვის ძალაუფლების მოპოვების შანსია. მინდოდა მას დავხმარებოდი არჩვენების შემდეგ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და განვითარებაში, თუმცა ამის მოსმენა არ უნდოდა“,- განაცხადა მიტჩელმა.
მან დავით უსუფაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია და მხოლოდ საქმის კეთებაზე იყო ფოკუსირებული.
„ვისაუბროთ დავით უსუფაშვილზე, ის ძალიან ჭკვიანი კაცი იყო, პარლამენტის სპიკერი, ფოკუსირებული იყო საქმის კეთებაზე და არა ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად ყოფნაზე, ადამიანები კი, რომლებიც ნაკლებად ორიენტირებულები იყვნენ დასავლეთზე, ნაკლებად პროდუქტიულები იყვნენ, ივანიშვილს ბევრს ეჩურჩულებოდნენ, რამაც გამოიწვია ალასანია-უსუფაშვილის უკანა პლანზე გადაწევა. არ დაგვავიწყდეს რა მოხდა ვარდების რევოლუციიდან 9 წელში, კოალიციის წევრებმა უბრალოდ შეიზიზღეს სააკაშვილი, ასე ხდება ახლაც",- დასძინა მან.
ლინკოლნ მიტჩელის სრულ ინტერვიუს TV-24 ხვალ შემოგთავაზებთ.