ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თბილისის მერია საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის დაშვებას გეგმავს

თბილისის მერია ამზადებს შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას ითვალისწინებს.

როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მაგალითზე იქნა მიღებული.

„სატრანსპორტო პოლიტიკას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. გვყავს საერთაშორისო კომპანიები და უცხოელი ექსპერტები დაქირავებული, რომლებიც სწორ დაგეგმარებაში გვეხმარებიან, როგორ უნდა მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა. შევისწავლეთ რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ მოტოციკლებს და მოპედებს, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, აქვთ უფლება იმოძრაონ საავტობუსო ზოლებში. ასეთი პრაქტიკაა დიდ ბრიტანეთში, ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში და ა.შ. მოტოციკლებისა და მოპედების საავტობუსო ზოლებში მოძრაობის დაშვების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ საავტობუსო ზოლში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობით საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივდება მათი დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო პაკეტი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

„ჩვენ მოვამზადეთ უკვე შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას (გარდა სამთვლიანი მოპედისა) მხოლოდ თბილისის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და შესაბამისი პირობებით. ჩვენ ამ კანონპროექტს მივაწოდებთ საქართველოს პარლამენტს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მხარდაჭერა გვექნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება შესაბამისი წესი და პირობები, თუ როგორ, რა დაშვებითა და შეზღუდვებით შეეძლებათ მოტოციკლებსა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა.