პანამის სასამართლომ ე.წ. „პანამის დოსიეს“ საქმის 28-ვე ფიგურანტი, მათ შორის კომპანია Mossack Fonseca-ს დამფუძნებლები იურგენ მოსაკი და რამონ ფონსეკა გაამართლა.
Mossack Fonseca 2016 წელს გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს კომპანიის დოკუმენტების არქივი, რომელიც ოფშორულ კომპანიებთან სხვადასხვა მსოფლიო ლიდერის კავშირებს ადასტურებდა. Mossack Fonseca-ს მსგავსი კომპანიების საშუალებით ცნობილი ადამიანები მალავდნენ უძრავ ქონებას, აქტივებსა და შემოსავალს, ფულის გათეთრების ან გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით.
„პანამის დოსიეში“ ფიგურირებდნენ ვლადიმირ პუტინის, პეტრო პოროშენკოს, ბაშარ ასადის, სი ძინპინის ახლო გარემოცვის წევრები. დოკუმენტებში ფიგურირებდა ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერის დევიდ კემერონის მამის საინვესტიციო ფონდიც.
მოსაკი და ფონსეკა ფულის გათეთრების ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. არც ისინი და არც საქმის სხვა ფიგურანტები, რომლებიც Mossack Fonseca-ში იყვნენ დასაქმებულები, ბრალს არ აღიარებდნენ.