,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოკუჩავამ, ასევე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიას სიტყვით მიმართა.
,,ახლახან დავიკავე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საქართველოში. უნდა აღვნიშნო, რომ წინა თავმჯდომარეს გადადგომა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული თავდასხმისას მიღებული მძიმე ფიზიკური დაზიანებების შედეგად მოუწია. ამგვარი თავდასხმები ხშირი, სისტემური და მთავრობის მიერ ორგანიზებულია, ხოლო დამნაშავეები კი, დაუსჯელნი არიან.
მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ რუსეთის მავნე გავლენა საქართველოში ძალიან სწრაფად ვრცელდება. სამწუხაროდ, დესტაბილიზაციის წყარო არ არის მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც და ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული საქართველოს მთავრობა, რომელიც აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ასევე, სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან, მაგალითად, ჩინეთთან.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩინეთისთვის მიყიდვა ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას.
ამ ცვლილების სიმბოლური გამოხატულება იყო რუსული სტილის ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღება. ყველა საპარლამენტო ასამბლეამ, მათ შორის, ნატოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეებმა პოზიცია ამ კანონის შესახებ რეზოლუციებსა და განცხადებებში დააფიქსირეს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა გამოხატოს შეშფოთება საქართველოში სიტუაციის გაუარესების შესახებ.
ოქტომბერში საქართველოში უმნიშვნელოვანესი არჩევნები ტარდება და გთხოვთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა სადამკვირვებლო მისიაში. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ცივილიზებული მსოფლიო დგას მათ გვერდით! საქართველოს პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სურვილმა გაიმარჯვოს!”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.