,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმიანება.
მისი თქმით, მსოფლიოს ,,აგენტების კანონის" გარშემო გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ მსოფლიო გამჭვირვალობის წინააღმდეგია.
,,ზოგადად, ვხედავთ, რომ მსოფლიოს ამ კანონის გარშემო კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება უჭირს. რატომ? ორი მიზეზია: საბოლოო ჯამში თუ ჩვენ პროპაგანდისტულ ლოზუნგს მოვხსნით, საქმე მიდის იქამდე, რომ მსოფლიო გამჭვირვალობის წინააღმდეგია. თან ისეთი მარტივი გამჭვირვალობისა, რომელიც ალბათ, ყველა სახელმწიფოსა და ქვეყანაში საწყისი სტანდარტების დონეზეა. ამიტომ, ამ გაგებით უჭირთ, მაგრამ იმის გამო, რომ ეს არის გარკვეული პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, ასეთი განცხადებები კეთდება. მეორე მხრივ, საბოლოო ჯამში, ისტორია ხომ ყველაფერს ინახავს? აღმოჩნდება, რომ რომელიღაცა ადმინისტრაციამ და მთავრობამ მეორე ქვეყანას სანქცია იმის გამო დაადო, რომ მას გამჭვირვალობა უნდოდა. არადა, თანამედროვე მსოფლიო დემოკრატია სწორედ გამჭვირვალობასა და ტრანსფარანტულობაზეა აწყობილი. აქედან გამომდინარეა სწორედ ეს მდგომარეობა, რასაც ვხედავთ. ეს ძირითადად, მაინც იქითკენაა მიმართული, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფონ ჩვენი ოპოზიცია”, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ,,აგენტების კანონზე" საუბრისას განაცხადა, რომ მათ შეშფოთების გამოსახატავად ზომები მიიღეს, რომლის შესახებაც უფრო მეტის ნახვა იქნება შესაძლებელი.