საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არჩევნებში ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ვერცერთი კონფიგურაციით ვერ დაამარცხებს.
მდინარაძის თქმით, ისინი ბევრჯერ გადაჯგუფდებიან. მოახლოვდა არჩევნები, მოუწევთ რაღაც კონფიგურაციის დალაგება, რომლის შემთხვევაშიც, ასევე უშედეგოები იქნებიან.
„ბოლო თვეების განმავლობაში რადიკალურ ოპოზიციაში რამდენჯერმე მოხდა გადალაგება, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ კარგად იცის, რომ აღნიშნული გადალაგებითაც კი, არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხება შეუძლებელია. ახლა ცდილობენ, ორში გაერთიანდნენ, შემდეგ შეიძლება იყოს ოთხი. მერე, შესაძლოა, გახარია ცალკე გადააგდონ, დაავალონ, იქნებ „ქართულ ოცნებას“ ერთი პროცენტი მაინც წაართვა, ეგეც საქმეაო, თუმცა არ შველის ასეთი ერთეული პროცენტის წართმევა, რადგან გაცილებით მეტს ავიღებთ, ვიდრე ჩვეულებრივ უმრავლესობას სჭირდება – საკონსტიტუციო უმრავლესობას ვუმიზნებთ. შესაბამისად, ისინი დღეს ძალიან წვალობენ. ცდილობენ, ნახონ რაიმე კონფიგურაცია.
ყველანაირი კვლევა ჩაატარეს, ვერცერთი კონფიგურაციით „ქართულ ოცნებას“ ვერ ამარცხებენ. ამიტომ წვალობენ, ერთმანეთში გადადიან და გადმოდიან. არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ამაში რადიკალური ოპოზიცია მათ მიერ ჩატარებული კვლევებითაც რწმუნდება, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ და რაღაც კონფიგურაციის დალაგებას ცდილობენ, სადაც ოდნავ მეტი თეორიული შანსი ექნებათ, თუმცა უშედეგოდ. მათი საერთო ნიშანი არის ბოროტება და მათ ჰყავთ გარე დავალებების მიმცემი ადამიანები, რომლებიც რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ. სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს რამდენიმე ასეული ადამიანი, თუ რამდენიმე ათასი არა, რომლებიც, რაც არ უნდა დაავალონ, განმაცვიფრებელ დავალებებსაც კი შეასრულებენ, ოღონდ მათი უფროსების, გარედან დავალების მიმცემების აზრი გაითვალისწინონ. აქედან გამომდინარე, ისინი ბევრჯერ გადაჯგუფდებიან. უკვე მოახლოვდა არჩევნები, მოუწევთ რაღაც კონფიგურაციის დალაგება, რომლის შემთხვევაშიც, ასევე უშედეგოები იქნებიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.