ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, როგორც არასდროს, მჯერა, რომ დღეს არის ერთიანობის დრო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ყილობაზე განაცხადა, სადაც პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნდა.
ბოკუჩავას თქმით, 26 ოქტომბერი არის შანსი დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული ევროპული არჩევანი.
„დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ უდიდესი პასუხისმგებლობის შეგრძნებით. პასუხისმგებლობის თითოეული თქვენგანის და საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, ვისთვისაც 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენის შანსია.
26 ოქტომბერი არის შანსი დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული ევროპული არჩევანი.
ეს არის შანსი იმ დაპირისპირების და დანაწევრების მორევიდან, რომლისკენაც ივანიშვილი 12 წელია მიგვაქანებს ამოვიდეთ წელში გამართული, ამაყი, ერთიანი და დავიმკვიდროთ ჩვენი ღირსეული ადგილი ევროპაში.
26 ოქტომბრის არჩევნები ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია - რეფერენდუმად რუსულ ბნელეთსა და წარმატებულ ევროპულ მომავალს შორის.
ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, როგორც არასდროს, მჯერა, რომ დღეს არის ერთიანობის დრო“,- განაცხადა ბოკუჩავამ.