„ქართული ოცნების“ ბოლო ნაბიჯები ცივილიზაციას გვაშორებს, ამიტომ ჩვენი ამოცანა ერთპიროვნული მმართველობის დასრულება უნდა იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ევროკავშირს ფული არა მთავრობისთვის უნდა მიეცა სახარჯავად, არამედ მოხმარებოდა საქართველოში იმ ღირებულებების გააზრებას, რაზეც დასავლეთი დგას.
მისივე განცხადებით, დასავლეთთან ურთიერთობას საქართველოში ერთპიროვნული მმართველობის დასრულებით ეშველება.
„ქართული ოცნების“ ეს დამოკიდებულება დასავლეთთან, დასავლეთის პასუხი და ა.შ. ჩვენ ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. „ქართულ ოცნებას“ არაფერი ეშველება, მაგრამ ჩვენს დასავლეთთან ურთიერთობას ეშველება, თუ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ერთპიროვნული მმართველობის დასრულებას შევძლებთ. რაც შეეხება თავდაცვას, ჩემი აზრით, არც აქამდე არ უნდა მიეცათ ფული არცერთი სახელმწიფო უწყებისთვის და ის უნდა მოხმარებოდა საქართველოში იმ ღირებულებების გააზრებასა და შესისხლხორცებას, რაზედაც თანამედროვე დასავლეთი დგას. თუ მთავრობას ფულს აძლევ და მთავრობა ამ ფულს ხარჯავს, გამოდის, რომ დააფინანსე მთავრობა და არა ქართველი ხალხი. თუ მართლა გინდა, ქვეყანაში გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება, თანამედროვე ცივილიზაცია და თუ გინდა, საზოგადოებას დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობა გააგებინო, ფული მთავრობას კი არ უნდა მისცე სახარჯავად, არამედ პირიქით, უნდა გამოიყენო მთავრობის ქმედებების გასაკონტროლებლად“, – განაცხადა ხვიჩიამ.