19 მაისს, უკრაინელთა მიერ ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლის გემმისადგომზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შემდეგ, სავარაუდოა, რომ სერიოზულად დაზიანდა ან ჩაიძირა რუსული სპეციალური დანიშნულების (საზღვაო დაზვერვა, სიღრმითი საზღვაო ნაღმებისა და მოწინააღმდეგის წყალქვეშა გემების ძებნა და ასე შემდეგ) გემი „კოვროვეცი“.
უკრაინის არმიის სარდლობა არკვევს ასევე მცირე ზომის სარაკეტო გემ „ციკლონის“ ბედსაც. ამის შესახებ 20 მაისს განცხადება გააკეთა სამხრეთის ფრონტის სარდლობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა დმიტრო პლეტენჩუკმა.
„თუკი მცირე ზომის სარაკეტო გემ „ციკლონის“ ჩაძირვა დადასტურდება, მაღალი ალბათობით შეგვეძლება იმის თქმა, რომ ანექსირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ფლოტის არცერთი გემი აღარ დარჩება, რომელსაც უკრაინის არმიისა და მოსახლეობის წინააღმდეგ ფრთოსანი რაკეტების გამოყენება შეეძლება. და დიახ, ის, რომ „ციკლონი“ განადგურებულია, ამის ალბათობა ძალიან დიდია. საკითხის შესწავლა ჯერ კიდევ მიდის და ველოდებით საბოლოო პასუხს,“ - აცხადებს პლეტენჩუკი.
უკრაინული ტელეგრამ არხების ინფორმაციით, საშუალო რადიუსზე მოქმედი ამერიკული რაკეტა ATACMS-ის მოხვედრის შედეგად გემმისადგომის ზუსტად ის მონაკვეთი დაზიანდა, სადაც „ციკლონი“ იდგა და ის რამდენიმე საათში ჩაიძირა.