ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პრემიერი: დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს ეროვნული იდენტობის სამ საყრდენს – მამულს, ენას და სარწმუნოებას

დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავამარცხოთ სიძულვილი, რადგან მტრობით დანგრეულის შენება მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 3 ათასწლეულის განმავლობაში, იმპერიათა დაპირისპირების ეპიცენტრში ქვეყანა ქართველებმა სწორედ სამშობლოსა და ერთმანეთის სიყვარულით გადაარჩინეს.

„საქართველოს უახლესმა ისტორიამ და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვანახა, რომ სუვერენიტეტი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე ეფექტიანი გარანტიაა. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს ეროვნული იდენტობის სამ საყრდენს – მამულს, ენას და სარწმუნოებას. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავამარცხოთ სიძულვილი, რადგან მტრობით დანგრეულის შენება მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი. 3 ათასწლეულის განმავლობაში, იმპერიათა დაპირისპირების ეპიცენტრში მდებარე ჩვენი პატარა ქვეყანა ქართველებმა სწორედ სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულით გადავარჩინეთ,”- აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძის თქმით, დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს.

„გასული 34 წლის მანძილზე, საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა. გამოვიარეთ სამი ომი 90-იანი წლების დასაწყისში. 2004-2012 წლებში გამოვიარეთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა, ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა და მეოთხე ომი. საზოგადოების გამოუცდელობა და პოლიტიკოსების ღალატი ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დროებით დაკარგვად დაუჯდა. 2012 წლიდან დღემდე, გამოვიარეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევის არაერთი მცდელობა, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში.

საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო, ხოლო ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს

სწორედ ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა“, - განაცხადა პრემიერმა.