ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლევან იოსელიანმა უმრავლესობას მოუწოდა, არ დაძლიონ ვეტო

მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს! - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

როგორც ლევან იოსელიანმა განმარტა, ის სიტუაცია და დაძაბულობა, რაც დღეს ქვეყანაშია, საჭიროებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენას და იმ ყველაფრის გათვალისწინებას, რაც უკვე, თითქმის, ორი თვეა თბილისის ქუჩებში მიმდინარეობს.

„მიზანი, რომელიც ამ კანონს გააჩნია, რომ უფრო მაღალი სტანდარტი იყოს დაწესებული საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ ეს მიზანი არის ლეგიტიმური, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად შესაძლებელი იყო და დღესაც არის არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას.

ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს, ამიტომ დღეს შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე, მითუმეტეს, გვაქვს ამის კარგი მაგალითები, და გადაავადოს ამ ვეტოს დაძლევა, რითაც გაჩნდება სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე“, - აღნიშნა იოსელიანმა.

მისივე თქმით, ხშირად უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს.

„მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნები, ისეთი პროექტი, რომელიც გააჩენდა ამ შესაძლებლობასა და დისკუსიის სივრცეს. სამწუხაროდ, ის რაც არის წარმოდგენილი, ამ სივრცეს არ იძლევა და სწორედ ამიტომაც არის ჩემი აქ მოსვლის ერთ-ერთი მიზანი, რომ გავიაზროთ ეს მოცემულობა და პარლამენტმა თავისი მოქმედებით, ვეტოს არ დაძლევით, შეძლოს ამ სადისკუსიო სივრცისა და შესაძლებლობის გაჩენა“,- განაცხადა ომბუდსმენმა.

იურიდიულ კომიტეტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს, კენჭისყრა ვეტოს დასაძლევად პარლამენტში ხვალ გაიმართება.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს" ვეტო 18 მაისს დაადო.