ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად „ევროპებში" და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან, გიორგი მსხილაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.
მისი თქმით, პრეზიდენტს უკვე გადაწყვეტილი რომ აქვს, სამარცხვინო ასოებით შევიდეს ისტორიაში.
„მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ არ ბრძანდებით პოლიტიკური თანამდებობის პირი და მინდა, რომ ძალიან კარგად იცოდეთ თქვენი დანიშნულება რაც არის და არ გაკადნიერდეთ, რომ აქ პოლიტიკური შეფასებები მოგვახსენოთ ანა წითლიძისგან განსხვავებით, რომელიც საკუთარი ხალხის სათქმელის ნაცვლად, უცხოელებს ახმოვანებს, ისე არიან დეგრადირებულნი პარტიულად და ისე არიან სასაცილოდ გამხდარი, რომ უმრავლესობის სახელით გვესაუბრება უმცირესობის წარმომადგენელი. პირველი რესპუბლიკის დარბაზში ბრძანდებით, ბატონო გიორგი და თქვენი და თქვენი ხელმძღვანელისა და უფროსისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად "ევროპებში" და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.
იურიდიულ კომიტეტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს, კენჭისყრა ვეტოს დასაძლევად პარლამენტში ხვალ გაიმართება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს" ვეტო 18 მაისს დაადო.