ვენეციის კომისიამ ორ წინადადებაში თავზე დაგამხოთ ამ კანონის არსებობა. შეეცადეთ, რომ ამ კანონით ეს ქვეყანა იზოლირებაში არ დატოვოთ! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
მისი თქმით, დათმობა უკან დახევა კი არ იქნება, პირიქით, ეს იქნება ხალხის ინტერესის გათვალისწინება.
„ამბობთ, რომ მივდივართ დასავლეთისკენ, დასავლეთი გეუბნებათ, რომ ამ კანონით არ მოდიხართ ჩვენკენ. დასავლეთს ერჩით. ლანძღავთ ამერიკას. აღარ იცის ქვეყანამ, ოპოზიციამ, ხალხმა როგორ დავიცვათ თავი, რომ იზოლირებაში არ აღმოვჩნდეთ, ქვეყანა მარტო არ დარჩეს ტერორისტული რუსეთის ფარგლებში და მათ წინააღმდეგ რაღაც ძალა გვქონდეს. ეს ძალა ჩვენი პარტნიორები არიან. იმ პარტნიორებს თქვენ ერჩით, ამერიკას პირდაპირ ბრძოლას უცხადებთ. რა ლოგიკაა, მაინტერესებს?! დასავლეთი გეუბნებათ, რომ ამ პუტინური, კრიმინალური კანონებით არ შემოგიშვებთ, ჩვენი ოჯახის წევრი ვერ გახდებით. ვენეციის კომისიამ ორ წინადადებაში თავზე დაგამხოთ ამ კანონის არსებობა. შეეცადეთ, რომ ამ კანონით ეს ქვეყანა იზოლირებაში არ დატოვოთ. შეეცადეთ გამოსავალი ვიპოვოთ. მიმაჩნია, რომ ხვალ თუ თქვენ მოიქცევით გონივრულად, დათმობა არ იქნება უკან დახევა, ეს იქნება თქვენი ხალხის ინტერესის გათვალისწინება“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
იურიდიულ კომიტეტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს, კენჭისყრა ვეტოს დასაძლევად პარლამენტში ხვალ გაიმართება.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს" ვეტო 18 მაისს დაადო.