საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის დონეს ჩამოსცდა - ამის შესახებ საუბარია IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, რომელიც საქართველოს ეკონომიკას შეეხება.
ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
IMF-ის შეფასების თანახმად, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასული წლის განმავლობაში რეზერვების შესყიდვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, წლიურ ჭრილში სავალუტო რეზერვების დონე მაინც შემცირებულია. ხოლო რეზერვების მთლიანი მოცულობა იმაზე დაბალია, ვიდრე უნდა იყოს.
2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა 4.81 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მარტთან შედარებით აპრილში რეზერვები 37 მილიონით გაიზარდა, თუმცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეზერვები 325 მილიონი დოლარით არის შემცირებული.
„ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე დაეცა IMF-ის ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ",- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.
ის თუ როგორ შეიცვალა მაისში სავალუტო რეზერვების მოცულობა 7 ივნისს გახდება ცნობილი. მიმდინარე თვეში, 16 მაისს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის პირველი სავალუტო აუქციონი განახორციელა და $60 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც რეზერვების მოცულობის შემცირებაზე მოახდენდა გავლენას.
რაც შეეხება დოლარის შესყიდვებს, 2024 წლის პირველ 4 თვეში სებ-მა Bmatch პლატფომით 287 მილიონი დოლარი შეიძინა. 2023 წელს კი სებ-ის წმინდა შესყიდვები Bmatch პლატფორმით 1.28 მილიარდი დოლარი იყო.
2024 წლის მარტში სებ-მა სავალუტო რეზერვებში ოქროს დამატების გადაწყვეტილება მიიღო, სებ-მა უკვე შეიძინა 529 მილიონი დოლარის ღირებულების 7 ტონა მონეტარული ოქრო. შესაბამისად, სავალუტო რეზერვების 11% ამჟამად ოქროშია ნომინირებული.