ხელს მოვაწერთ, მაგრამ ჩვენს პოლიტიკაში ვინ იძლევა გარანტიას, რომ მერე სხვა პარტიები, როცა ხელში ჩაუვარდებათ ძალაუფლება, ბოროტად არ გამოიყენებენ და ამ ხელმოწერას დაიცავენ, - ამის შესახებ პარტია „გირჩის” დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა TV 24 - თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, თავისთავად ინიციატივა შეიძლება კარგი იყოს, რომ პოლიტიკური ველი გადავიდეს შინაარსობრივ დისკუსიაზე, მათ შორის, 9 პუნქტზე, მაგრამ ამ ფორმით, როგორც არის ეს ქარტია წარმოდგენილი, იმდენ კითხვას აჩენს, რომ შეუძლებელია ხელი მოაწერო.
„გასაგებია, რომ თუ დაიწყება დისკუსია და დაზუსტდება, რა იგულისხმება კონკრეტულ რეფორმაში, როცა წერია რეფორმა ჩავატაროთ, ჩვენ გვინახავს სასამართლოს არაერთი რეფორმა ქვეყანაში მაგრამ პრობლემა ისევ დარჩა. რაღაცას რეფორმას რომ დაარქმევ, ეს არ ნიშნავს, რომ რეფორმა სასურველ შედეგს მოიტანს, ან მაგალითად ჩანაწერი ამ კანონს გავაუქმებთ და სხვას, და სხვა როცა წერია, როგორ შეიძლება იყოს შეთანხმებაში? ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, ამიტომაც ტექნიკური მთავრობის ნაწილიც უცნაურად გამოიყურება. მთავრობას, რომელსაც ავირჩევთ ნოემბერ-დეკემბერში, არა მხოლოდ 9 პუნქტზე უნდა იზრუნოს, ყველა სხვა პრობლემაზე უნდა იზრუნოს და ვინ გააუქმა ეს პრობლემები? ეს ყველა პრობლემა არსებობს ეკონომიკურიდან დაწყებული პოლიტიკურით დამთავრებული, ამიტომ არ შეიძლება იყოს ტექნიკური მთავრობა, რომელიც მხოლოდ ვიწრო თემებზე იქნება ორიენტირებული, ეს უნდა იყოს სრულფასოვანი მთავრობა. ზოგადად ამ თემებზე უნდა იყოს საჯარო დისკუსიები, სადღაც კულუარულად ან ელექტრონული ფოსტით მიმოწერა კი არ უნდა იყოს, არამედ ტელევიზიებში, ან თუნდაც პრეზიდენტის სასახლეში უნდა ისხდნენ ხალხი, მთელი მოსახლეობა ხედავდეს და პარტიები აყალიბებდეს საკუთარ პოზიციას, სუს-ზე იქნება, სასამართლოზე იქნება, საგარეო პოლიტიკაზე თუ ა.შ და ამ დისკუსიებში უნდა ჩანდეს, საბოლოო ჯამში, რა აერთიანებს ამ პარტიებს, თუ საერთოდ ესეთი რამე არსებობს. ან როგორი უნდა იყოს ჩვენი სასამართლო რეფორმა, მე, მაგალითად, არ მჯერა რომ ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს საკმარისი ავტორიტეტი, რომ დანიშნონ ახალი მოსამართლეები და ხალხი მათ ენდოს, რაც ამ ქარტიაში იგულისხმება“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისივე თქმით, მისთვის ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, რომ ხალხს ვანდოთ მოსამართლეების არჩევა და ლეგიტიმაცია.
„საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უნდა იყოს განხილვის თემა და არა ის, რომ ტექსტი დავწეროთ. ხელს მოვაწერთ, მაგრამ ჩვენ პოლიტიკაში ვინ იძლევა გარანტიას, რომ მერე სხვა პარტიები, როცა ხელში ჩაუვარდებათ ძალაუფლება, ბოროტად არ გამოიყენებენ და ამ ხელმოწერას დაიცავენ“, - დასძინა მან.
სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს „ქართული ქარტია“ წარადგინა. ეს არის გეგმა, რომლის ირგვლივაც პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანება შესთავაზა.