საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ჯემალ ჭკადუას განცხადებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არაერთ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება და გამოძიების მიმდინარეობის ეტაპზე, პირველ რიგში რაც ხდება, ეს არის ამ ადამიანების გამოკითხვა და შემდეგ ტარდება სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედება.
როგორც ჭკადუამ TV 24 - თან ინტერვიუში განაცხადა, შეუძლებელია იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც განახორციელეს ძალადობრივი ქმედება, რადგან პოლიციის თანამშრომლები თან ატარებენ ნიღბებს და დაზარალებულ პირებს, რომლებსაც მიადგათ, ზიანი უჭირთ ამ პირების იდენტიფიცირება.
„უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხდება პირების დაზარალებულად ცნობა და ჩვენ მიგვიწვდება სისხლის სამართლის საქმესთან ხელი და ვეცნობით სისხლის სამართლის საქმეების მასალებს, მაგრამ ამის შემდეგ ფაქტობრივად საგამოძიებო ორგანო შედის ჩიხში და რატომ? იმიტომ, რომ შეუძლებელია იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც განახორციელეს ძალადობრივი ქმედება. პოლიციის თანამშრომლები თან ატარებენ ნიღბებს და დაზარალებულ პირებს, რომლებსაც მიადგათ ზიანი, უჭირთ ამ პირების იდენტიფიცირება. მთელი ამ დროის განმავლობაში, არ დამდგარა არცერთი ძალადობრივი ქმედების განმახორციელებელი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ სამართალდარღვევის საქმეებზე აღმოვაჩინეთ ასეთი ფაქტები, როდესაც დაკავების ოქმში მითითებულია, რომ დაკავებულ პირს გააჩნდა დაზიანებები, მაგრამ იმავე ოქმში მითითებულია, რომ თითქოს ეს დაზიანებები აღნიშნულ პირებს ჰქონდათ დაკავებამდე და ამ ოქმში მითითებული აქვთ, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. როდესაც ჩვენ ამ ადამიანებს გავესაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ პოლიციაში ისინი დაითანხმეს იმაზე, რომ მსგავსი სახის ჩანაწერი გაკეთებულიყო. დაკავების ოქმის შედგენის დროს, პოლიციის თანამშრომელმა შესაძლებელია მსგავსი ჩანაწერი გააკეთოს, თუმცა მოქალაქეს აქვს უფლება არ მოაწეროს ხელი, ან ამ შემთხვევაში გააკეთოს შენიშვნა“, - განაცხადა ჭკადუამ.