აფხაზეთში უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბარი 2014 წლიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც ის რუსეთში მიიღეს, თუმცა მოსკოვის წინაშე აღებული ვალდებულების მიუხედავად, კანონის მიღებას დე ფაქტო პარლამენტში ამ დრომდე არ ჩქარობენ.
2021 წლის დეკემბერში, მოსკოვსა და სოხუმს შორის „კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით“ არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების თაობაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც დე ფაქტო პარლამენტს 2023 წელს „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე უნდა ემსჯელა, თუმცა კანონი ამ დრომდე მიღებული არ არის.
მსგავსი კანონის ფარგლებში. რუსეთში ათეულობით მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურა, ან უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყით განაგრძობს ფუნქციონირებას.
„აშკარად ჩანს, რომ არც მთავრობა არ არის დაინტერესებული თავისი საზოგადოების ნაწილს უცხო ქვეყნის აგენტი დაარქვას. გვაქვს ინფორმაცია, რომ შიგნით არსებობს გარკვეული დისკომფორტი, რამდენად აუცილებელია ეს“ - ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი TV24-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოხუმში ყურადღებით და იმედით აკვირდებიან.
„თუ გავა ეს კანონი აქ, თბილისი თუ მიიღებს საბოლოო ჯამში, რუსეთს ძალიან გაუადვილდება აფხაზები აიძულოს, რომ მათაც მიბაძონ თბილისს და ამის ეშინიათ. თუ თბილისმა გაიმარჯვა, თუ გაიმარჯვა ხალხმა და კანონი არ იქნა მიღებული, ან ამის გამო დამარცხდა ხელისუფლება არჩევნებში, მაშინ აფხაზურ საზოგადოებაში გაჩნდება განცდა, რომ შესაძლებელია ამ კანონის დაძლევა და არდაშვება...
ეს კანონი მათთვის მიუღებელია. მთლიანად, ძირითადად კონსოლიდირებული განცდა აფხაზეთში არის ის, რომ სამოქალაქო სექტორი შეუძლებელი იყოს უცხო ქვეყნის აგენტი. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც დღემდე ფეხს ითრევენ - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.