Reuters-ის ინფორმაციით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუს დიპლომატებს გადაადგილება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შეუზღუდა. ინფორმაცია ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გაავრცელა.
სიკორსკის განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები გულისხმობს, რომ, მაგალითად, საკონსულოების თანამშრომლებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც ისინი მუშაობენ. სიკორსკი აცხადებს, რომ დიპლომატთა შეზღუდვის პრაქტიკა არაერთ ქვეყანას აქამდეც გამოუყენებია. ის იმედოვნებს, რომ პოლონეთის შემდეგ ასეთ ნაბიჯს სხვა ქვეყნებიც გადადგამენ.
რადოსლავ სიკორსკიმ განმარტა, თუ რა გახდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა: „ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ რუსეთი ჩართულია ჩვენს ტერიტორიაზე დაგეგმილ საბოტაჟის მცდელობებში“.