ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობის მიზნით, თბილისის მერიასა და EBRD-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

დიდ ლილოში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობა იგეგმება, რომლის ღირებულებაც 20 მილიონ ევროს შეადგენს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა.

სამუშაოების განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოიყოფა სესხი 16 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონული ფონდის (E5P) მიერ გრანტი - 4 მლნ ევრო.

„პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვას, უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან წარმოქმნილი გაზის შეგროვებასა და შემდგომ უტილიზაციას.

დიდი ლილოს პოლიგონზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ნარჩენების განთავსების შედეგად გამოფრქვეული მეთანი ჰაერში არ გაიფანტება, მოხდება მისი ელექტროენერგიად გარდაქმნა და გამოყენება. აღნიშნული სამუშაოებით დიდი ლილოს დასახლებაში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარდება.

შესაბამისი ტენდერის საფუძველზე მოხდება საერთაშორისო კონსულტანტების შერჩევა, რომლებიც ბანკთან და „თბისლერვის ჯგუფთან“ ერთად შეიმუშავებენ სატენდერო დოკუმენტაციას. მომდევნო ეტაპზე კი, საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით, საპროექტო და სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება მომავალი წლის განმავლობაშია დაგეგმილი“, - აცახდებენ მერიაში.