დარწმუნებული ვარ, ბევრს ებრალებით, ებრალებით მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს, ნათესავებს, მართალი გითხრათ, გვებრალებით ჩვენც, რომ რა დღეში ჩაგაგდოთ იმ ერთმა კაცმა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი სწორედ დამოუკიდებლობის 33 წლისთავზე თქვენი მოშორებით ხელისუფლების სათავეებიდან, აუცილებლად განამტკიცებს ქვეყნის დამოუკიდებლობას, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„არ მგონია, რომ თქვენთან ბევრ საუბარს აზრი აქვს, ახლა უკვე საჭიროა მოქმედება და დარწმუნებული ვარ, ამ მოქმედებისთვის მზად არის ქართველი ხალხი, რომელიც აუცილებლად დაასრულებს თქვენს რუსულ მმართველობას. თქვენ ახლა კი არ გადაგიხვევიათ ევროპული გზისთვის, ევროპულ გზას გადაუხვიეთ 2012 წლის პირველ ოქტომბერს, როდესაც ტყუილებით, ბინძური და რუსული მეთოდებით მოხვედით ხელისუფლებაში. ყველა ბინძური მეთოდი გამოიყენეთ, რომ მოსულიყავით ხელისუფლებაში. სულ რაღაც რამდენიმე საათში უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და მოგიწევთ თითი მიაჭიროთ ღილაკს საქართველოს წინააღმდეგ. არ არსებობს, რომ ნებისმიერ თქვენგანს ერთი „ესემესი“ მაინც არ მოგსვლოდეთ, სადაც გეუბნებიან, რომ არ მიაჭიროთ ღილაკს თითი საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ ეს თქვენ არ გაინტერესებთ, რადგან გადაწყვეტილი გაქვთ ეს უკვე, რაც სამწუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ბოტკოველმა.