უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე, რომელიც ამჟამად საადვოკატო საქმიანობას ეწევა, ამბობს, რომ ერთ-ერთი საქმესთან დაკავშირებით დაემუქრნენ, რომ, თუ ივანიშვილისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, მოკლავდნენ.
ამის შესახებ მან TV პირველთან ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ კლანისგან მიიღო მუქარა და იმ შემთხვევაში, თუ ის ისაუბრებდა ჟურნალისტებთან საჯაროდ შეექმნებოდა პრობლემა და გადაუვლიდნენ.
„უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი თავმჯდომარისგან მომივიდა მესიჯი, რომ თუ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, რომელიც უკვე დასრულებულია, არ მივიღებდი სასურველ გადაწყვეტილებას, რომელიც სჭირდებოდა ქართულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილს, მოქმედ ხელისუფლებას, მე ტვინს გამასხმევინებდნენ. ასევე, მაგალითად, მივიღე შემოთავაზება ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, სადაც მითხრეს, რომ თუ მე იმ საქმეს წინასწარ, გარიგებულად მოვაწერდი ხელს, ჩემს მიმართ შეიცვლებოდა დამოკიდებულება და განწყობა. ასევე კლანისგან მივიღე ისევ მუქარა, რომ თუ მე, მაგალითად, ვისაუბრებდი ჟურნალისტებთან საჯაროდ და ღიად სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, მე შემექმნებოდა პრობლემა, გადამივლიდნენ და უკან არ დაიხევდნენ არაფერზე. მიუხედავად ამისა, მე არ ვაპირებ გაჩერებას“,- განაცხადა ალავიძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ბესარიონ ალავიძე 2011 წლის 22 თებერვალს აირჩიეს 10 წლის ვადით. 2021 წლის 22 თებერვალს მას სამოსამართლეო ვადა გაუვიდა. 2011 წლამდე ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო.
2019 წელს, ჯერ კიდევ უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის პოზიციიდან, ბესარიონ ალავიძე სასამართლო სისტემაში არსებულ ნეპოტიზმსა და “ჩაწყობების” სისტემაზე საუბრობდა.