ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თემურ კარბაიას საქმეზე დაკავებული აფხაზი მილიციელები ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ოკუპირებული გალის რაიონის, სოფელ წარჩეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალების საქმეზე აფხაზი მილიციელები ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გალის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ალბერტ ზარაკუასა და ვიანორ აბშილავას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების განხილვა დაასრულა.მათ ბრალად ედებოდათ თემურ კარბაიას სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტება.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებულებმა თემურ კარბაიაზე ფიზიკურად იძალადეს, "ხელებით და ფეხებით მიაყენეს დარტყმები სხეულის სხვადასხვა არეში, ამას შედეგად მოჰყვა გულმკერდის დახურული ტრავმა, მეშვიდე, მერვე და მეცხრე ნეკნების ჩამტვრევა, სისხლჩაქცევები მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოებზე".

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გადააკვალიფიცირდა მუხლი დაუდევრობად და მათ ჯარიმის სახით - 50 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა. ამასთან, 1 წლის ვადით აეკრძალათ გარკვეული თანამდებობების დაკავება და გარკვეული საქმიანობის წარმართვა. ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ.

საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია 10 დეკემბერს გავრცელდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კარბაია დოკუმენტების შემოწმების მიზნით გააჩერეს, შემდეგ კი ცემა დაუწყეს. დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.