ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბეჟან ჯავახია: ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ნამდვილად არის, რადგან მთავრობა ვერ მართავს მას და ხალხს არ სურს ამის გაგრძელება

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ნამდვილად არის, რადგან მთავრობა ვერ მართავს მას და ხალხს არ სურს ამის გაგრძელება.

როგორც ჯავახიამ TV24-თან საუბრისას განაცხადა, ასეთი დიდი რაოდენობის ხალხი საპროტესტო აქციის დროს ქუჩაში არ ახსოვს.

„ასეთი დიდი რაოდენობის ხალხი არ მახსოვს, მხოლოდ დამოუკიდებლობის გამოცხადების და ზვიად გამსახურდიას გასვენების დროს იყო. ისევ ახალგაზრდობაა წინ, ავანგარდში და მოთხოვნაა მათი, მაგრამ ერთი რამ არის - 35 წლის წინ ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვება გვინდოდა, ახლა კი ამ დამოუკიდებლობას იცავენ. არის მსგავსება. ორივე შემთხვევაში არის დამოუკიდებლობის დაცვა. იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გაგვეგო, მაშინ არც კი მიფიქრია, რომ თუ გამოვაცხადებდით დამოუკიდებელ საქართველოს, შემდეგ მეგონა სულ ყველა ერთად ვიცხოვრებდით და დავიცავდით,  მაგრამ, აღმოჩნდა, რომ შიგნითაც გამოჩნდება მტერი, რომელიც გარედან მუდმივად იყო მაცქერალი, რომელსაც ჩვენი დაპყრობა სურდა“,- განაცხადა ჯავახიამ.

მისი თქმით, არ უნდა ვთქვათ, რომ 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ. 30 წლის წინ ჩვენ სახელმწიფო არ გვქონდა, დღეს კი გვაქვს და მას დაცვა უნდა. ძალიან კარგია, რომ მას გამოუჩნდა ნამდვილი ჭირისუფალი-ახალგაზრდობა.

მისივე თქმით, საქართველოში პირველ რიგში არის „ჰიბრიდული ომი“ და რუსული პროპაგანდა.

„იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაც პირად კეთილდღეობაზეა მიმართული, აშინებენ ომით, ეუბნებიან, რომ თუ ახლა ხმას ამოიღებს, რუსეთი დაიპყრობს. მაგალითად, სასაზღვრო ზოლის ყველა სოფელს აიღებს, შემოვა ტანკით, დაგვარბევენ. ჩვენ მშვიდობის ქვეყანა ვართ, მშვიდობას ვიცავთ. მათ შებღალეს ყველაფერი, რაც წმინდა ჰქონდა ქვეყანას, პირველ რიგში, გაანადგურეს ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები. ჯარი შეურაცხყოფილია, მათ შეურაცხყვეს პოლიციელები. გარბიან ეს პოლიციელები მექსიკის გავლით ამერიკაში. მათ ასევე შეურაცხყვეს სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგალითად, პრეზიდენტის ინსტიტუტი. თქვენ როგორ ფიქრობთ, მათ პრეზიდენტის რეზიდენცია რატომ დაათმობინეს? იმიტომ, ძვირი ჯდება? არა! უფრო ძვირი მათ ახლის გარემონტება და მოვლა დაუჯდათ, ვიდრე ის აწყობილი, მაგრამ რუსს არ სურდა ასეთი სიმბოლო სახელმწიფოსი, რომელიც მაღლა დგას, ძალაუფლების გამომხატველი და პრეზიდენტსაც როგორ ექცეოდნენ? წინასაც და ახალსაც. მათ გაჰყვეს და შეურაცხყვეს საქართველოს ეკლესია, ვითომ რომლის დამცველად გამოდიან. მათ მოახდინეს ქვეყნის კრიმინალიზაცია. ანუ, ეკონომიკური სიდუხჭირის მოქცევა და კრიმინალური ქაოსის გაკეთება. რომ ჩახვიდეთ სოფელში, ან რაიონში, მეზობელი მეზობელს რომ დაემდუროს, პოლიციაში კი არ მიდის - მიდის „კარგ ბიჭთან“, საქმის გასარჩევად. ნახეთ, რომ რეკავენ, როგორ გელაპარაკებიან. კი არ გელაპარაკებიან, რომ „შენ სახელმწიფო არ გიყვარს“, ის გელაპარაკება, რომ გეშინოდეს მისი“, - ამბობს ჯავახია.

მისივე განცხადებით, ბიძინა მოიყვანეს რუსებმა, რათა რუსული ვექტორი აეღო ბოლომდე და ეს არის დღეს აბსოლუტურად გასაგები.

“როცა ბიძინა მოიყვანეს, მას რუსული ვექტორი უნდა აეღო ბოლომდე, მაგრამ, იმიტომ, რომ ხალხის მოთხოვნილება სხვა იყო, მან დაიწყო თამაში, ევროპულ ვექტორთან. ამიტომაც იყო ერეკლე მეორე მისი იდეალი. ერეკლე, რომელსაც სურდა ევროპა, არ მიიღო ევროპამ, ამიტომ იძულებული გახდა რუსეთი აერჩია. ამიტომ მან ასეთი თამაში დაიწყო, ვითომ უნდა ევროპა, კონსტიტუციაშიც შეიტანა ეს ამბები. ახლა კი უნდა შეასრულოს დავალება. ეს კანონი ხელმეორედ იმიტომ შემოიტანა, რომ მთლიანად გასაგები გახადოს ევროპისთვის, ყველასთვის, რომ ჩვენ არ ვიქნებით ევროპაში. მაგრამ , თუკი ჩვენ ევროპა სავიზო რეჟიმს მოგვიხსნის, ან იზოლაციაში გვამყოფებს - წავა პროპაგანდა, რომ მათ ჩვენ არ ვუნდივართ, გვაგდებენ და რუსეთისკენ წავალთ. მე ევროპა იმიტომ მინდა, რომ რუსმა თავისი ჩექმით არ გადამიაროს და ეკლესიები კირით არ გადამიღებოს,  ჩემი ტრადიცია არ შეურაცხყოს.  ეს არის ჩემი ბუნებრივი პროცესი და ის არის ჩემი მოკავშირე ამ შემთხვევაში“,- ამბობს ის.

მისივე განცხადებით, ახლა საჭიროა ოპოზიცია, პოლიტიკური პარტიები, რადგან თუ არ დაიწყება პოლიტიკური პროცესები, ეს დაემსგავსება სამოქალაქო პროტესტს, სადაც იქნება ქართული ფოლკლორი, ცეკვა და სიმღერა.

„გვჭირდება ოპოზიცია, პოლიტიკური პარტიები. მათაც კი, ახალგაზრდებს, თუკი არ მიაჩნიათ, რომ არსებობს რომელიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ მოსწონთ, თვითონ შეუძლიათ შექმნან. პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლები უნდა იყვნენ მოქმედებაზე. მათ ჰყავთ ამომრჩეველი, მათ ჰყავთ თავიანთი გამგეობა და აქვთ შიდაპარტიული დისციპლინა, ამიტომ პოლიტიკოსების მონაწილეობის გარეშე პროცესი წარმოუდგენელია. ეს იწვევს კიდევ უფრო დიდ ქაოსს, რადგან არც ერთი ადამიანი არ არის პასუხისმგებელი. ამიტომ ოპოზიციის როლი ყველაზე მნიშვნელოვანია“,- აცხადებს ჯავახია.