საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ,,მაიდანს ვერავინ ეღირსება.
კობახიძის თქმით, უკრაინის მაგალითმა აჩვენა, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე პასუხისმგებლობას სხვა ვერ აიღებს. მისივე თქმით, ყველაზე მეტი გაფრთხილება ქვეყნის დამოუკიდებლობას სჭირდება.
„რაც შეეხება პარალელებს მაიდანსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის. ყველას მინდა ვუთხრა, რომ „მაიდანს" ვერავინ ეღირსება საქართველოში. მინდა, შეგახსენოთ, თუ რა იყო უკრაინისთვის „მაიდნის" შედეგები. მაშინ, რეალურად, გარედან დანიშნეს უკრაინის ხელისუფლება, ჯერ ერთხელ, შემდეგ მეორედ და საბოლოოდ, ვინც გარედან დანიშნა ხელისუფლება, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია მოვლენებზე, რომელიც შემდეგომ განვითარდა უკრაინაში. 2013 წლამდე, ეს იყო სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკა 200 მლრდ დოლარი და დღეს ქვეყანა არის ჩამოქცეული, ქვეყნის ეკონომიკა ამდენი წლის შემდეგ არის თვისობრივად შემცირებული, უკრაინის ტერიტორიების 20 % არის ოკუპირებული, 10 000-ობით ადამიანია დაღუპული და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. შესაბამისად, ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. ეს გვიჩვენა სწორედ უკრაინის მაგალითმა. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას,"- აღნიშნა პრემიერმა.