აბსოლუტურად გაუგებარია გარედან მოწოდებები, რატომ არ უნდა იყოს მიღებული კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - გამჭვირვალობას, - ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვა გერმანიის ელჩის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც გერმანია მხარს არ დაუჭერს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესს, „აგენტების კანონის“ არსებობის პირობებში.
თბილისის მერის თქმით, გაუგებარია ქვეყნის გარედან მოწოდებები კანონთან დაკავშირებით, მაშინ, როცა ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის პირდაპირი მოვალეობაა ისეთი კანონების მიღება, რაც ქვეყნის განვითარებას და მშვიდობას უწყობს ხელს.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ ბევრი განცხადება უცხოეთიდან, თუმცა ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი გარდა ერთისა - „იმიტომ“.
ახლაც მზად ვართ თუ ვინმეს აქვს რაიმე კონკრეტული, წარმოადგინონ. შინაარსობრივად რატომ არის პრობლემური აღნიშნული კანონი, რატომ შეიძლება გამჭვირვალობა ზოგადად პრობლემა იყოს, ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულ მომავალს და ა.შ. გაუგებარია უბრალოდ.
თუმცა, ჩვენ წარმოგვიდგინეს 9 პუნქტიანი გეგმა, რომელიც ძალიან მალე, ზაფხულში უკვე დასრულებული იქნება და შესრულებული იქნება ყველა პუნქტი. ეს არის იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები. საქართველო ყველაფერს გააკეთებს ამ გზაზე და რა თქმა უნდა, ბურთი იქნება იმათ მხარეს მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.