მსურს, მადლობა გადავუხადო უმრავლესობის თითოეულ დეპუტატს, რომლებმაც არნახული ზეწოლის მიუხედავად შეძლეს, მტკიცედ მიეღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია გრძელვადიანად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვისა და დამოუკიდებლობისთვის, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა შესრულდა.
„მოგეხსენებათ, რომ ამ კანონს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენმა უმრავლესობამ პარლამენტში, პატრიოტული და მტკიცე სულისკვეთებით დაამტკიცა და განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლისა და არნახული წნეხისა. ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველო არის უფრო ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი და შესაბამისად, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, წარმოუდგენელი რისკის ფასად, „ქართული ოცნების“ პირობებში, ვერავინ შეძლებს, რომ ჩვენს ხალხს გარედან „დაუნიშნონ“ და „აურჩიონ“ მთავრობა და შეძლონ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა. შესაბამისად, გამჭვირვალობის კანონი ძალიან მალე მოგვცემს შედეგებს, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, რომელიც არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წინაპირობა“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.