ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ ახალ საავტომობილო ხიდზე ავტომობილების გადაადგილება უკვე შესაძლებელია. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ახლად დასრულებული პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნეს. კახა კალაძემ საზოგადოებას გააცნო განხორციელებული პროექტის დეტალები და ხიდის მშენებლობაში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

„ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, რომელიც უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა, 260 მეტრი სიგრძისაა და ოთხი სამოძრაო ზოლისგან შედგება, ხოლო მანძილი წყნეთის გზატკეცილიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე 532 მეტრია.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ტროტუარები, გარე განათების ქსელი და LED სანათები, დამონტაჟდა მოაჯირები, ხიდის სავალ ნაწილზე ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და დაიგო ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი.

გარდა ამისა, მოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები და სატრანსპორტო კვანძები, როგორც უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან, ასევე ბაგების დასახლების მხარეს, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან. ხიდის სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა. მშენებლობა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და 2024 წლის მაისის ბოლოს დასრულდა. პროექტის ღირებულება ჯამში 36 400 000 ლარს შეადგენს“, - აცხადებენ მერიაში.