საფრანგეთი დიდია და ატომური ბომბი აქვთ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს ატომური ბომბი. ამიტომ ზოგიერთს ჰგონია, რომ საფრანგეთს შეიძლება ჰქონდეს ასეთი კანონები და ჩვენ არა. ეს არის სინამდვილეში განსხვავება, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა იმ ფაქტს, რომ მსგავს კანონზე საფრანგეთიც მუშაობს და რა განსხვავებაა ქართულსა და ფრანგულ კანონპროექტს შორის.
მისი თქმით, ზოგიერთი გვიყურებს ზემოდან, ვგონივართ შეუმდგარი სახელმწიფო, ჰგონიათ, რომ თითქმის ოთხი მილიონი ადამიანი ტერიტორიაზე უბრალოდ მოძრაობს.
„ჩვენ ზოგიერთი გვიყურებს ზემოდან, ვგონივართ შეუმდგარი სახელმწიფო, ჰგონიათ, რომ თითქმის ოთხი მილიონი ადამიანი ტერიტორიაზე უბრალოდ მოძრაობს, დილით გაიღვიძებს, წავა სამსახურში, დაბრუნდება; ფიქრობს, რომ არ შეიძლება, გვქონდეს ჩვენი უსაფრთხოების, სახელმწიფო ინტერესები, არ შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული აზრი, როგორ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს; ფიქრობენ, რომ საკმარისია, ცხრა რეკომენდაცია გქონდეს და სახელმწიფომ დაიძინოს, გაიღვიძოს ცხრა რეკომენდაციაზე მუშაობით.
ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც ზემოდან გვიყურებს, სხვათა შორის, ზომისდა მიუხედავად, არ აინტერესებს სხვა დანარჩენი წვრილმანი თემები, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებია. მათ შორის, ბალტიის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის აქციაზე დგომაც გვაჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყანას, რომელიც ჩვენზე პატარაა ზომითაც და მოსახლეობითაც, რატომღაც ჰქონია, რომ ზემოდან უნდა გვიყუროს, ჭკუა გვასწავლოს. დღემდე ვერ მივხვდი, რატომ ჰგონია ასე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს? ამიტომ არის ეს პრობლემა, რომ ვიღაცებმა თავი შეაფარეს ევროკავშირს, გარანტირებული აქვთ ატომური დაცვის ქოლგა, ევროკავშირის სუბსიდიები, უსაფრთხოება, ყველაფერი გარანტირებული აქვთ და ჩვენ ამ გარანტიების გარეშე, ომის საფრთხის ქვეშ, ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ, უკვე 30 წელია და ეკონომიკურად წინ მიიწევს ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მცდელობა იყო, ქვეყანა შეერყიათ შიგნიდან თუ გარედან, შედეგს ვერავინ მიაღწია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.