ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ოთხ პირს ბრალი წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, დანაშაულებრივი საქმიანობით ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 9 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 266 568 ლარს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეთა კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, თბილისში საშუამავლო ოფისი გახსნეს და მოქალაქეებს სესხის ხელშეკრულების გაფორმებასა და სესხის თანხის აღებაში დახმარებას ჰპირდებოდნენ, სანაცვლოდ კი სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ჩადებას სთხოვდნენ. ასევე ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ჰპირდებოდნენ, რომ თუ სესხის სახით აღებულ თანხას ან თანხის ნაწილს მათ მისცემდნენ, სესხის ხელშეკრულების პროცენტს თავად გადაიხდიდნენ, თანხას კი ბიზნესში ჩადებდნენ და მესაკუთრეს მოგებით დაუბრუნებდნენ. რეალურად ისინი არანაირ ბიზნესს არ აწარმოებდნენ და არც სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს იხდიდნენ.

აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობით ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 9 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 266 568 ლარს. ასევე დაზარალებულებმა დაკარგეს მათი უძრავი ქონებები.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე 30 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; 12 ეპიზოდი) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენისა და გამოვლენის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.